საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს

2022-11-22 20:10:12

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა.

ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს.  ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით.