რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"რუსთავში კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ვიწყებთ. 1 805 000 ლარის ღირებულების პროექტი სამივე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, საავტომობილო გზის, ტროტუარების, სარწყავი და მწვანე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ ტერიტორიებზე რამდენიმე საჯარო სკოლაა განთავსებული და ეს პროექტი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები, გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და მწვანე სივრცეები.
როგორც რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ ტაბაღუამ განაცხადა, ქალაქის შიდა უბნების რეაბილიტაციას აქტიურად ითხოვს მოსახლეობა. გარდა ამისა, სამივე ქუჩა, სადაც პროექტის მიხედვით გზებისა და ტროტუარების მოწყობაა გათვალისწინებული, ძველ რუსთავშია და ეს კიდევ ერთი ეტაპია ძველი რუსთავის ისტორიული უბნების რესტავრაციის პროცესში.
პროექტი გარდამავალია და 2023 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.