2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
"საქსტატის“ ცნობით, სქესის მიხედვით კაცების ხელფასი ქალების ხელფასს ყველა პოზიციაზე აღემატება. მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი 1863.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების ხელფასი 2768.9 ლარით. გენდერული სახელფასო სხვაობა არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე ყველაზე მაღალია, სადაც ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების ხელფასს 53.5 პროცენტით ჩამორჩება.
"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები). აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება.
სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯები არასახელმწიფოსთან შედარებით 19.8%-ით დაბალია და შესაბამისად, 13 932.2 და 17 372.0 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.