საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია 24 ოქტომბერს დაიწყო და პროცესი განხორციელდება 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზე www.directors.mes.gov.ge
საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა
ტესტის მაქსიმალურ ქულათა ჯამი შეადგენს 80 ქულას, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს დახურულ კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 20 ქულა) და პროფესიული უნარები, რომელიც მოიცავს ღია კითხვებს (მაქსიმალურ ქულათა ჯამი 60 ქულა).
როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს – სერტიფიცირებას.
დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 35 ლარს. გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. იხ. რეკვიზიტები: სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ს/კ 205300048) მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707677117 შენიშვნა: გადახდის დროს აუცილებლად მიუთითეთ კონკურსანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებული პირები ითვლებიან რეგისტრირებულ პირებად და ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.
კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.
დირექტორობის მსურველებს საშუალება ექნებათ ვებ გვერდზე el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია. ასევე აღნიშნულ ვებ გვერდზე განთავსდება შეხვედრის ბმულები ხშირად დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რომლის გადმოგზავნის საშუალება დაინტერესებულ პირებს ექნებათ ელექტრონულ ფოსტაზე – directors@emis.ge.
იმ შემთხვევაში, თუ 2020 წელს გამოცხადებულ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრირებულ პირს აღარ სურს კონკურსში მონაწილეობა, მან განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.