„გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები ამ დრომდე იკითხებიან

2022-10-14 11:17:34

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესაბამისი პირების გამოკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან კომპანია „გრინსერვის პლუსის“ თანამშრომლები, მათ შორის კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, რომლებიც გამოკითხვაზე ჯერ კიდევ გუშინ მივიდნენ. სწორედ ამ სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკში რეაბილიტაციის შედეგად განხორციელებული პროექტი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.