რუსთავი-თბილისის ავტობუსები

2022-09-28 16:02:44

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას 2023 წლიდან, მას შემდეგ დაიწყებს, რაც ამ მოცულობის ავტობუსების გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა ისიც აღნიშნა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა წელს უნდა მომხდარიყო.

"მომავალ წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მომავალი წლისთვის გადავწიეთ, რომ მოვასწროთ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იმ კონკრეტულ მარშრუტებზე, რომელზეც იქნება დანიშნული, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლონ", - თქვა მერმა.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ავტობუსების შეძენა 2 წლის განმავლობაში მოხდება.

ცნობისთვის, 200 ავტობუსიდან 20 რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მგზავრების გადასაყვანად უნდა გამოიყოს.

აღსანიშნავია, რომ თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.