„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ნინო იმედაშვილი დავითგარეჯის ქუჩის პირველ ნომერში იმყოფებოდა. აღნიშნულ მისამართზე, დაახლოებით, ექვსი თვის წინ საცხოვრებელ კორპუსს ძლიერი ქარის გამო სახურავი აეხადა. მას შემდეგ, უამინდობის დროს დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის და მოსახლეობას რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, მან მერიას რამდენჯერმე მისწერა წერილი, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ბინის მესაკუთრეების თქმით, მერიაში განუცხადეს, რომ სამუშაოების დაწყებისთვის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იყო. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ალეკო ნავროზაშვილი „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს, რომ საცხოვრებელი კორპუსების გადახურვაზე ტენდერი გამოცხადდა, უკვე ცნობილია გამარჯვებული კომპანია და დაწყებულია სამუშაოები. მისი თქმით, იმ მომენტშიც, როდესაც ნინო იმედაშვილი საცხოვრებელ ბინაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდა, გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობდა და შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატის მოთხოვნა. ჯამში, წლის ბოლომდე გადაიხურება 160 სახლი, მათ შორისაა დავით გარეჯის 1 ნომერიც. საცხოვრებელი კორპუსების გადახურვისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი.