რუსთავის კლინიკაში ავარისას დაშავებული ეპისკოპოსი გარდაიცვალა

2022-07-30 18:34:16

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკებში გადაიყვანეს.

3 დაშავებული კლინიკა "რუსთავში" მოათავსეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა, თეა ასათიანმა განუცხადა, მეუფე დამიანეს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. დანარჩენ ორ დაშავებულს კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

"მამაოს რაც შეეხება, ჩვენთან შემოვიდა ტრავმული შოკით, კომით და პოლიტრავმით. თუმცაღა, ავტომობილში, სანამ ვნახეთ პაციენტი, იქ კონტაქტური იყო. ჩვენთან შემოსვლისას, ამ ტრანსპორტირებისას, კომა გაღრმავდა. შემოსვლისთანავე დაფიქსირდა გულის გაჩერება და პულსგარეშე ელექტრული აქტივობა, მაშინვე პაციენტი გადავიდა მართვით სუნთქვაზე, დაინტუმბირდა. დავიწყეთ რეანიმაცია, საბოლოოდ, ვერ მოხერხდა სასიცოცხლო პარამეტრების აღდგენა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მამაოსთან ერთად მყოფ პირს აქვს ქუსლის ძვლის მოტეხილობა, რომელიც არის საოპერაციო. აქვს ასევე ნეკნის მოტეხილობა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში და არასტაბილური მდგომარეობა არ აქვს.

მესამე დაშავებულს, 20 წლის ბიჭს, რომელიც მეორე ავტომობილში იყო, აქვს ზედაპირული ტრავმები, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ არის",- განუცხადა თეა ასათიანმა "ინფო რუსთავს".

ავარიის დროს ასევე დაშავდა 1 წლამდე ბავშვი, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანა. კლინიკაში ამბობენ, რომ მცირეწლოვანს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სახის მრავლობითი ექსკორაციები აქვს. ჰერმო-დინამიკურად სტაბილურია და მიმდინარე კვლევის რეჟიმშია.

დაშავებულია 1 წლამდე ბავშვის დედაც, რომელიც კლინიკა "ოპტიმალ მედშია" მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 22 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები