რუსთავის მეტალურგიის ქარხნის, ე.წ. სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომელი გაფიცულია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია ჯერ-ჯერობით არ შემდგარა.
გაფიცულების მოთხოვნებია ხელფასის 30% გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.
საპირისპირო განუცხადეს "ინფო რუსთავს" თავად მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც ამბობენ, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"4 ივლისს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა და ხელფასის გაზრდა მოითხოვა. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გაგებით ეკიდება თანამშრომელთა მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს მათ.
ამჯერადაც, მიმდინარეობს მოლაპარაკება თანამშრომელთა ამ ჯგუფთან და იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. ძირითადში, ქარხანა გამართულად მუშაობს და არ ფერხდება მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა. ხელფასების ბოლო მატება 2022 წლის 1 იანვარს მოხდა და განახლებულ ხელშეკრულებას ყველა დასაქმებულმა პირმა მოაწერა ხელი. კომპანია, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს. თანამშრომლებს არასოდეს დაგვიანებიათ ხელფასის ჩარიცხვა, ისინი უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით და მუშაობაში საჭირო სპეცტანსაცმლითა და სპეცსაშუალებებით.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მენეჯმენტი მომავალშიც აპირებს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ხელფასის გაზრდას დასაქმებულებისთვის, რის შესახებაც თანამშრომლებიც ინფორმირებულები იყვნენ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ბოლო შეხვედრის დროს",- აცხადებენ კომპანიაში.