"საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ..."

2022-06-29 16:39:34

მმართველი პარტიიდან წასული 3 დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი თავიანთ საერთო მიზნებზე განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში საუბარია, რომ მათი მიზანია "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა", მმართველ გუნდში ყოფნით კი ამ ყველაფერზე საუბრით ქართულ ოცნებას "უხერხულობა შეექმნებოდა".

კერძოდ, დეპუტატები საუბრობენ ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის დაგეგმვაზე და აცხადებენ, რომ ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა.

"ამისათვის [რევოლუციური სცენარისთვის] შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.

ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია".

ისინი, ასევე განცხადებაში მოიხსენიებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც და წერენ, რომ "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს.

"ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო".

პარტიიდან გასული დეპუტატები ასევე წერენ, რომ რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: "ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი".

"მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.

მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.

დეპუტატები ასევე ამბობენ, რომ "კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის" მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. "როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს".

ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი წერენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს".

"გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი".