რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს მე-9 სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.
იქამდე სანამ დეპუტატები საკრებულოს დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს კენჭს უყრიდნენ ერთმანეთის მიმართ ბრალდებები გააჟღერეს.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის თამარ მეტრეველის განცხადებით, "ქართული ოცნების" დეპუტატები კომისიებს არ ესწრებიან, რის გამოც კვორუმი არ დგება და კომისიის სხდომები ვარდება.
"გასული კვირის ხუთშაბათს იყო აღნიშნული კომისიის სხდომა, სადაც სამი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. ერთ-ერთი არის პეტიცია, რომელიც გამზადებულია და უნდა დამტკიცებულიყო, რათა მოქალაქეებმა საკრებულოში ნებისმიერი განსახილველი საკითხი შემოიტანონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსთაველი მოქალაქეებისთვის, რათა ჩართულნი იყვნენ საკრებულოს მუშაობაში.
მეორე საკითხი ეხებოდა რეგლამენტს, ახალი დადგენილებით, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს მიიღო საკრებულომ, ეს ის პერიოდია, როცა ქართულმა ოცნებამ გაიგო, რომ მან დაკარგა უმრავლესობა რუსთავის საკრებულოში და დაჩქარებული სახით შეუზღუდეს დეპუტატებს უფლება-მოსილება, რომელიც შეეხებოდა ამა თუ იმ საკითხისა და ინიცირების შემოტანას საკრებულოში, ამ საკითხზე ნათია შელეგიას ჰქონდა პროექტი გამზადებული, სამწუხაროდ ეს ის საკითხები იყო, რომელიც ორჯერ ზედიზედ მიზანმიმართულად ჩააგდო ქართული ოცნებამ. მათი მხრიდან არც წინასწარი ინფორმაცია არ გვქონდა და, სამწუხაროდ, არც შემდეგ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რატომ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს მოსვლა",- განაცხადა თამარ მეტრეველმა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის მარი ლიპარტელიანის თქმით, მათ პეტიციის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვთ და არის დღეები, როცა დეპუტატები კომისიებზე ვერ მიდიან. ლიპარტელიანმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორმაგი სტანდარტებით მუშაობაში დაადანაშაულა.
"ბრალდებები ჩვენ გვაქვს პირიქით. გამოდის, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობენ, დღეს რამდენჯერმე გაჟღერდა და ზუსტადაც ნაციონალური მოძრაობის მისამართითაა გამართლებული ამის თქმა, რადგან სისტემატურად ითხოვდნენ მერიიდან სამსახურების გადმოსვლას, კომისიებზე დასწრებას, ბიუროზე მოსვლას, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას.
გადმოვიდნენ ეს ადამიანები კითხვებზე პასუხი გასცეს, დღეს ბიუროზე გვქონდა ეს შემთხვევა, როცა არქიტექტურის სამსახურის მიერ გადმოტანილი იყო საკითხები, სამსახურის უფროსი ესწრებოდა, დეველოპერები, რომლებიც უშუალოდ დაინტერესებულები არიან ამ პროექტის განხორციელებით, მათ უპასუხეს პრაქტიკულად ყველა კითხვას, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ კომისიების დონეზე ჯობია მუშაობა. ანუ ბიუროზე გამოტანილი საკითხი უკან ჩააბრუნეს კომისიებზე განსახილველად.
გამოდის, რომ ერთი მხრივ ვამბობთ, ქალაქის განვითარებაზე ვთანამშრომლობთ, პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და მეორე მხრივ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგი ბიუროზე, რადგან უმრავლესობა სწორედ ოპოზიციას აქვს და ისინი წყვეტენ, დღის წესრიგად რა საკითხები გავიდეს საკრებულოზე, შესაბამისად, მათ ხელში იყო პრაქტიკულად ამ გადაწყვეტილების მიღება.
ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გითხარით, დეველოპერები ესწრებოდნენ და საკმაოდ განაწყენდნენ ეს ადამიანები, რადგან ჩვენგან დასტურს დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. გარდა იმისა, რომ კოეფიციენტი უნდა მოგვემატებინა მათთვის, სანაცვლოდ 100 000 ლარის ღირებულების რეკრეაციული სივრცე უნდა მოაწყონ.
კომისიებზე დასწრებას რაც შეეხება, თამარის მხრიდან არასწორი შეფასება იყო, რადგან პეტიციაზე გააკეთა აქცენტი და ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ეს არის მათი პოზიცია და, რასაკვირველია, ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან ეს არის კომისია და ხან შეიძლება ადამიანს მოუწიოს მისვლა ხან არა. თუ რამე საწინააღმდეგო აზრი გვაქვს გვიყურებთ, რომ არ გვიჭირს და არც გვეშინია მისი დაფიქსირება",- განაცხადა ლიპარტელიანმა.