რუსთავის ბაგა-ბაღებში დაახლოებით 500 ვაკანტური ადგილი დარჩა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
ხუციშვილის თქმით, ბაღებში რეგისტრაცია 2 000-მდე აღსაზრდელმა გაიარა, ამ ეტაპისთვის კი დოკუმენტაციის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს.
"რა რაოდენობის ვაკანტური ადგილებიც გვქონდა გატანილი, არ შეივსო და ძალიან ბევრი ადგილი დაგვრჩა თავისუფალი.
ბაგაში, მაგალითად, 1082 ადგილი გვქონდა და 918-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან ჩაირიცხა 803. ჩარიცხული ბავშვების მაჩვენებელიც, როგორც წესი, აუცილებლად იკლებს ხოლმე დოკუმენტაციის წარდგენის პროცესში, რადგან ხშირია მცდარი რეგისტრაციები.
550-მდე ადგილი იყო 3-4 წლიანებში და 360 შეივსო, მეტი არა.
რაც შეეხება 5-6 წლიანებს, აქ მხოლოდ 20 ვაკანტური ადგილი დარჩა.
მოკლედ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაგვრჩა ვაკანტური ადგილები.
ორშაბათს სიები გადაიგზავნება ბაღებში და ბაღები დაიწყებენ მშობლებთან კონტაქტს, რომ მოიტანონ დოკუმენტები. დოკუმენტების მოტანის ვადები განსაზღვრულია", - განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, სანერვიულოდ საქმე არცერთ მშობელს არ აქვს და თუ ვინმემ ვერ მოახერხა ბავშვის დარეგისტრირება, ამას შემოდგომაზე აუცილებლად მოახერხებს.
"ხარვეზი არ ყოფილა არანაირი. დაგვირეკა რამდენიმე მშობელმა პრეტენზიით, მაგრამ ვაჩვენეთ, ავუხსენით, რა შეცდომები ჰქონდათ დაშვებული და დავამშვიდეთ, რომ ყველასთვისაა ადგილი. არავის არ აქვს სანერვიულოდ საქმე, მშვიდად გაატარონ ზაფხული, მობრძანდნენ სექტემბერში, დაწერენ განცხადებას და ჩავრიცხავთ", - აცხადებს ეკა ხიციშვილი.