23 წლის უმცროსი ექიმი ლონდა ლორია

2022-09-04 15:02:54

ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა მის ანგარიშზე უკვე იწერება არაერთი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც კოლეგებთან ერთად ხელიდან სიკვდილს გამოსტაცა.

მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ, არცერთი წუთი შესვენებისთვის და მიზნები, რომელიც ღრმა ბავშვობიდან დაისახა. 23 წლის უმცროსი ექიმის, რუსთაველი ლონდა ლორიას წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა.

"ჩემთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელი ინგრედიენტები თვითგანვითარების სურვილი, ბევრი სწავლა და შრომაა".


აქტიური მოსწავლე იყო, თუმცა მისთვის გარდამტეხი პერიოდი სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ დადგა.

"ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი მაშინ დაიწყო, როცა წარმატებით დავასრულე რუსთავის მე-14 საჯარო სკოლა და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე. ვიყავი აქტიური სტუდენტი, მაქსიმალურად ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებსა თუ კვლევით პროექტებში".


ლონდამ განათლება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გაიღრმავა, რასაც ახლა საკუთარ ქვეყანას და ამ ქვეყნის მოქალაქეებს ახმარს. 

"ამ დროის მანძილზე არაერთხელ ვიმყოფებოდი გაცვლითი პროექტებით საზღვარგარეთ, მათ შორის სულ ბოლოს: რუმინეთში, ჩეხეთში, უკრაინასა და თურქეთში. ბავშობიდანვე დავიწყე უცხო ენების შესწავლა, ვფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს, რაც ყოველთვის მეხმარებოდა მონაწლეობა მიმეღო მსგავს პროექტებში".


ექიმის სტატუსის მიღებამდე რთული გზა გაიარა. დამეთანხმებით, ამ ასაკში იყო ექიმი და ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე განდონ - ერთეულების ხვედრია. ყველაფერი ექთნის დამხმარის პოზიციიდან დაიწყო.

"ყოველთვის ვცდილობდი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ყველაფრისთვის საკუთარი შრომითა და ცოდნით მიმეღწია, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, რომ სტუდენტობიდანვე დავიწყე მუშაობა. ამჟამად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, უმცროსი ექიმის პოზიციაზე ვმუშაობ. უმცროსი ექიმობისკენ გზა ექთნის დამხმარის პოზიციიდან დავიწყე, გრძელი პროცესი იყო, ბევრის მომცემი და საინტერესო.

პირდაპირ იმის თქმა, რომ პირადი წვლილი მაქვს პაციენტების გადარჩენაში შეტანილი, ჩემი, როგორც უმცროსი ექიმის პოზიციიდან, ალბათ გაკადნიერება იქნება, თუმცა მუდმივად ვმუშაობ რთულ და კრიტიკულ პაციენტებთან, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, ვისგანაც ვსწავლობ და ვიღებ მაგალითს.

განსაკუთრებით გამოვყოფდი კოვიდ პანდემიის პერიოდს, როცა საოცრად დიდ ფიზიკურ და ემოციურ გამძლეობას მოითხოვდა კოვიდ რეანიმაციასა და ცხელების ცენტრში რეგულარული მორიგეობა. ცხოვრება საავადმყოფოს მიღმა ფაქტობრივად არ არსებობდა".


ლონდას განსაკუთრებულად მენტალური ჯანმრთელობა აინტერესებს და სამომავლო განვითარებასაც ამ კუთხით გეგმავს.

"ჩემი ინტერესის სფეროში მუდამ შედიოდა მენტალური ჯანმრთელობა, ადამიანის ფსიქიკისა და ნეირომეცნიერებების შესწავლა. 2021 წელს მომეცა შესაძლებლობა Erasmus+ ფარგლებში მონაწილეობა მიმეღო პროექტში - "მენტალური ჯანმრთელობა მოზარდებში". პროექტის დასრულების შემდეგ უფრო მეტი შემართებითა და ახალი გამოცდილებების დაგროვების სურვილით სავსე დავბრუნდი საქართველოში. გავიარე სტაჟირება სტრესის მართვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. ამჟამად ვასრულებ დიპლომირებული მედიკოსის საბაკალავრო პროგრამას და სამომავლოდ ამ მიმართულებით ვგეგმავ განვითარებას".


აღნიშნავს, რომ წარმატების მიღწევაში ოჯახის ფაქტორი მისთვის გადამწყვეტია. ოჯახი მისთვის მთავრი მოტივატორი და დამხმარე ძალაა.

"წარმატების მისაღწევად ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარკვეული ფაქტორები, ასეთ ფაქტორს ჩემთვის ჩემი ოჯახის მხარში დგომა წარმოადგენს. ოჯახი არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი და დამხმარე ძალა. ვიცი, რომ სადაც არ უნდა წავიდე და რა რთული გადაწყვეტილებების წინაშეც არ უნდა დავდგე, ყოველ ნაბიჯზე ვიგრძნობ მათ ძლიერ სიყვარულსა და თანადგომას".


ლონდა ადამიანებს ურჩევს, პირველ რიგში, მოუსმინონ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებსა და ფიქრებს. 

"ჩემი აზრით, უმთავრესი ფაქტორი წარმატების მისაღწევად მუდმივ მოძრაობაში ყოფნა და ჯანსაღ მისწრაფებებს მიყოლაა. აქვე, პირველ რიგში, აუცილებელია, ყველა ადამიანმა მოუსმინოს საკუთარ თავს, შეგრძნებებს და ფიქრებს, იყოს უფრო მიმღები და მუდმივად იზრუნოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ასე ალბათ უფრო მშვიდ და სტაბილურ სოციუმში ვიცხოვრებთ".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები