"24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა"

2022-06-20 22:50:33

"24 ივნისს თქვენ წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე“,- ამის შესახებ „მოძრაობა სირცხვილიას“ მანიფესტშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილებს გააცნეს.

პარლამენთან მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია "შინ ევროპისკენ" დასრულდა. აქციის მონწილეები რუსთაველის გამზირიდან საფეხმავლო მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

მომდევნო აქცია 24 ივნისს დაანონსდა, მას შემდეგ რაც ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

"2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!

ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი.

ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.

ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება.

მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება.

ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ!" - წერია მანიფესტში.