იგეგმება თუ არა "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ მასობრივი ვაქცინაცია

2022-06-15 18:54:11

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ არ განიხილება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მსოფლიოში მისი მარაგებიც საკმარისია.

"ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მარაგებიც არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 40 მილიონ დოზამდე აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რამდენიმე ქვეყანას. დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ არ განიხილება. იქ, სადაც ენდემურად იყო "მაიმუნის ყვავილი", იქაც არ იყენებენ მასობრივად ვაქცინას და ე.წ. ბეჭდისებრი აცრა განიხილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამოვლენილი 1600 შემთხვევა, ყველა მსუბუქია და არცერთი ლეტალური გამოსავალი ენდემური ქვეყნების გარეთ არ დაფიქსირებულა. ამიტომ ჯერჯერობით ვაქცინაციაზე, მითუმეტეს, ე.წ. მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკებს, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანას გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე გაძლიერებული აქვს ზედამხედველობა.

"ამ ხნის განმავლობაში ე.წ. შესაძლო შემთხვევა ჩვენთან 4 იყო. ამ 4 შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჩატარდა კვლევა და უარყოფითი შედეგი დადგა 3 შემთხვევაში. ერთ შემთხვევა იყო ღრმა კვლევის საგანი, პაციენტს ჰქონდა მოგზაურობის ისტორია და სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები. აღნიშნულ საეჭვო შემთხვევაზე დღეს დასრულდება სეკვენირება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, რამდენჯერმე გამოვიკვლიეთ. შესაბამისად, დღეს იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და ასევე ვაცნობებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და უკვე გაწერილია სახლში", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება პაციენტის კონტაქტებს, სრულად არის გამოკვლეული.

"მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა", - განაცხადა გამყრელიძემ.