ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში"

2022-06-15 14:27:17

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის "მესიჯბოქსით" საუბრობს.

"სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან, ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არ აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ "არგუმენტები არ დაგვრჩა, კანდიდატის მიღების მხოლოდ მცირე შანსი რჩება", ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის "მესიჯბოქსში", ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.