საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც იტალიასა და ბრიუსელში თავისი ვიზიტი შეაჯამა.
"ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წელს ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი, იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, რომ ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას.
გაფუჭებული საქმე გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველაზე ნათლად გამოჩნდა ისეთ ნაწილში, რომელიც აპელირებს ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, ვინც მონაწილეობდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში.
ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა საკუთარი მიზნებისთვის, მთავრობას კი ის რაც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე გადაწყვეტილების დაანონსება.
საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში. ეს რეზოლუცია ამ ეტაპზე ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, რადიკალური ოპოზიციის მუშაობის და ხელისუფლების არმუშაობის შედეგია. არ არის გადაწყვეტილება ან მზაობა ევროკავშირის მხრიდან, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომცდა რამე ფორმით უკვე იყოს დაწესებული ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც მუშაობა ევალებოდა და ვინც არ ეცადა, რომ ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის თავიდან აეცილებინათ. ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით, მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვსაუბრობ. დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, ჩემზე გადმობრალება, ვითომ დავსვი ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საკითხს..
ამავე დროს, ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა, ესენი იყვნენ ტრადიციულად ჩვენი მთავარი მოკავშირეები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, პოლონეთი, უკრაინა. თვითონ შარლ მიშელი, რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ინსტიტუციურ მხარდამხარ.
ასევე გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს კიდევ ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, მაგრამ, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მე მგონი...
თან შევუერთდით, ვიცით, რომ შეერთებული ვართ და თან ვამბობთ, რომ არ ვართ და ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი მძიმეა და ვაფასებთ უარყოფითად სანქციებს და ვეუბნებით, უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია, ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს. ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს პირდაპირ, რომ მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს.
ასევე ამ კითხვების გაჩენის კუთხით მოჰყვება შექმნილი, მოგონილი თემა მეორე ფრონტისა.
არც ერთი ჩვენი პარტნიორი არსად არც ერთხელ არასოდეს არანაირი მოწოდება არ ყოფილა, სად ხართ, რატომ არაა მეორე ფრონტი, რას აპირებთ, მოდით, მიიღეთ მონაწილეობა, ეს არ არსებობს, არის მოგონილი, ტყუილი და ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.
ერთადერთი, მეორე ფრონტი გაისმა უკრაინის რაღაც წრეებიდან, სადაც არის რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს რაღაც მომენტში იმისი მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი. ამაზე არ უნდა ვუპასუხოთ, პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა, რომ 16 ივნის შეიკრიბონ და გამოხატონ, რომ მათ სურთ ევროპა.
"ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ? პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს და ამიტომ ასევე გთავაზობთ და ასევე დეჟავუ მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.