რუსთავის მერის სპეციალური ბრიფინგი [video]

2022-05-28 12:44:31

საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მერის განცხადებით, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრების შედეგად მათ საკრებულოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილება დააინიციირეს, რაც საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს.

"დღეს, რუსთავში ჩვენი გუნდის აქტიური მუშაობით გაჩნდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალი ინვესტიციების შემოსვლის, ეკონომიკის გაძლიერების, ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვის და მათი საჭიროებების მიხედვით მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების. საკრებულოში ჩვენი მხრიდან ბოლო პერიოდში სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრების და მათი მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილების ინიცირება მოვახდინეთ. საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა, რომლებსაც რუსთავის საკრებულოში აქვთ უმრავლესობა, რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უთხრეს უარი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს სოციალურ პროგრამებში ისეთ ცვლილებებს, რომელიც სტუდენტების, შშმ პირების, პენსიონერების, ძალადობის მსხვერპლი ოჯახებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით არის ინიცირებული.

"მათ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად არ გაიტანეს იმ სტუდენტების განათლების და მგზავრობის დაფინანსების საკითხი, რომლებიც დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობენ და რომელთა განათლების და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაც უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საკრებულოზე განსახილველადაც არ გაიტანეს ძალადობის მსხვერპლი ოჯახების ფინანსური დახმარების და 18 წლამდე მოზარდებისთვის საოჯახო პირობების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი პროგრამებიც. ცვლილება, რომელიც ამ პროგრამებში უნდა შეგვეტანა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა სერვისს. არ იმსჯელეს არც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში შესატან ცვლილებებზე. დაუჯერებელია, მაგრამ მათთვის სტუდენტების დაფინანსებაზე, ძალადობის მსხვერპლი ოჯახების დახმარებაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური დღის წესრიგი", - განაცხადა რუსთავის მერმა.

ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო შეცვლის პოზიციას და მერიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს დაამტკიცებს.

რაც შეეხება საკრებულოს ენმ-ის პოზიციას, მათი განცხადებით, საკითხებს მხარი მხოლოდ იმიტომ არ დაუჭირეს, რომ საკრებულოში მერის წარმომადგენლის მხრიდან თემების ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს. დეპუტატების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სხდომაზე მერიის კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელები მივლენ და მათ კითხვებს ამომწურავ პასუხებს გასცემენ, პრობლემა აღმოიფხვრება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია სხდომებზე სამსახურების ხელმძღვანელებს იწვევენ, თუმცა უშედეგოდ.