რუსთავის ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. [ვიდეო/video]
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მერიისგან საკრებულოსთვის გადაგზავნილ რიგ საკითხებზე მსჯელობას მხარი არ დაუჭირეს, რასაც წარმომადგენლობით ორგანოში "ქართული ოცნების" ფრთის უკმაყოფილება მოჰყვა.
ენმ-ის დეპუტატის, ნანა შატბერაშვილის თქმით, მათ ვერ მიიღეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, რის გამოც გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდათ.
"ნაციონალური მოძრობა ითხოვს იმისთვის, რომ ცვლილება შევიდეს პროგრამებში, წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომ მივიღოთ კომპეტენტური და სრულყოფილი ინფორმაცია ნებისმიერი საკითხის შესახებ, რისი საშულებაც არ მოგვეცა. რაც მთავარია, ბატონი დავითი, გარდა იმისა, რომ ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია მისი ფუნცია-მოვალეობის შესახებ, არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც ყველა შეკითხვაზე პასუხს გაგვცემდა. ძალიან ბევრი შეკითხვა დარჩა უპასუხოდ და გაგვიჭირდა, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება", - განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მარი ლიპარტელიანის თქმით, მერიისგან საკრებულოსთვის გაგზავნილი 19 საკითხიდან, მსჯელობა მხოლოდ 3-ზე მოხდა.
"მერიისგან გამოგზავნილი 19 საკითხიდან, არ მოხდა ყველა საკითხის გამოტანა საკრებულოზე მიუხედავად იმისა, რომ დარგობრივ კომისიებზე მხარდაჭერა მიეცა და აღმოჩნდა, რომ საკრებულოს სხდომაზე 19-ის მაგივრად 3 საკითხი გვქონდა, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო იმ თემებთან, რაზეც ჩვენ ვიმუშავეთ კომისიებში.
რაც შეეხება დავით მაღლაკელიძეს, ის არის დანიშნული მერის მიერ წარმომადგენლად საკრებულოში. ამის შესახებ ჩვენ მარტის ბოლო სხდომაზე გაგვაცნო თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს და გვითხრა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა საკრებულოს სხდომაზე იქნება საკითხების გამომტანი და ეს ყველა წევრმა მიიღო ცნობად. თუ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ადამიანი მერიიდან ყველა საკითხს მოიტანდა და წარმოადგენდა, მაშინ ახლა გამოდის რომ დემაგოგიასთან გვაქვს საქმე?", - განაცხადა მარი ლიპარტელიანმა.
საკითხებზე მსჯელობას მხარი დაუჭირა პარტიამ "საქართველოსთვის", თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ განაცხადა, იმის გამო, რომ ბიუროში უმრავლესობა ენმ-ის ხელთაა, საკითხები საკრებულოს სხდომაზე ვერ გავიდა.
"ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არაა, უახლოეს დღეებში სამსახურების უფროსები გადმოვლენ და საკითხები იქნება მიღებული.
ბიუროს სხდომაზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას, მაგრამ აღმოვჩნდით უმცირესობაში და შესაბამისად, ვერ იქნა გატანილი.
არსებობს კონკრეტული კითხვები, რომელზეც დეპუტატებმა უნდა მიიღონ პასუხები.
სხვა მხრივ, იცით თქვენ, რომ ვალდებულება არც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და არც ქართულ ოცნებასთან არ გვაქვს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაბალანსოთ", - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.