როდის გაიაფდება პროდუქტები

2022-05-23 19:08:01

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კურსის გამყარება პროდუქტებს დღესვე არ გააიაფებს, თუმცა  1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი ბაზარზე შემცირებული ფასით უნდა შემოვიდეს.

ამის შესახებ კაკაურიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ინფლაციასა და ლარის კურსზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

"კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის შემცირებაში გვეხმარება და თუ გამყარებული კურსი შენარჩუნდა, ეს ინფლაციაზე გავლენას იქონიებს და იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდება. თუ ჩვენ ინფლაციის სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასში 11-12%-იანი წვლილი ნავთობმა და სურსათმა, რაც იქიდან გამომდინარეა, რომ იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდა.

ვალუტის კურსის მაღალი ტენდენცია მაისში გვაქვს, ვნახოთ როგორც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმპორტიორები, რადგან კურსის გამყარება დღეს პროდუქტს მყისიერად ვერ გააიაფებს, მაგრამ 1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი ბაზარზე შემცირებული ფასით უნდა შემოვიდეს. ამ კუთხით მოლოდინები გვაქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ფასის განსაზღვრაში ვერ ჩაერევა. ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს. ამას თავად იმპორტიორები წყვეტენ, თუმცა კურსის დასტაბილურება ვფიქრობ, საცალო გაყიდვების ნაწილში მათ ამის შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადა კაკაურიძემ.