რუსთავში 15-მდე ლიფტი გაქურდეს

2022-05-13 00:18:40

რუსთავში, სხვადასხვა მისამართზე 15-მდე ლიფტი გაქურდეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქურდობის ფაქტები მეოცე და მეთხუთმეტე მიკრორაიონებში დაფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტოს მეოცე მიკრორაიონიდან მოქალაქეები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს.

მათი თქმით, უცნობმა პირებმა ლიფტების კაბინებში შეაღწიეს და იქიდან სპილენძის ძვირადღირებული ნაწილები მოიპარეს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების განცხადებით, მოპარულია ძრავების სამუხრუჭე კოჭები.

"ჩვენს კორპუსში 2 სადარბაზოს ლიფტი გაქურდეს. რუსთავის კორპუსთანაც გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ არ გვეხება ჩვენ მაგისი გაკეთება, მოპარული ნივთია და თქვენ თვითონ უნდა აანაზღაუროთო, რომ გაფუჭებულიყო რამე მაშინ გავაკეთებდითო. რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ და ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, იქნებ მოგვაქციოს ყურადღება ვინმემ", - აცხადებს მიკრორაიონის მცხოვრები.

"ინფო რუსთავი" ფაქტთან დაკავშირებით ააიპ "რუსთავის კორპუსის" დაუკავშირდა. როგორც სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნოდიამ განგვიცხადა, გაქურდულ ნივთებზე პასუხისმგებლობა ამხანაგობებს ეკისრებათ.

"კოჭას მარტივად ვერ იპარავენ, ესაა ზევით, ლიფტის შახტაში და ან კარი უნდა იყოს კარგად დაკეტილი, ან სიგნალიზაცია უნდა ჰქონდეთ. გაქურდულ ნივთებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამხანაგობებს, რუსთვის მერიას რა პროგრამაც აქვს, ის ითვალისწინებს მხოლოდ ლიფტის მომსახურებას", - აცხადებს კარლო ნოდია.

არსებული ინფორმაციით ქურდობა სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები