TasteAtlas-ის ვებგვერდზე, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან ტრადიციული კერძებია წარმოდგენილი, ყველიანი კერძების კატეგორიაში პირველ ადგილზე მეგრული ხაჭაპური გავიდა. საუკეთესო ყველიანი კერძი TasteAtlas-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს.
მომხმარებლების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ყველიანი კერძების ოცეულში კიდევ ორი ქართული ხაჭაპური მოხვდა. კერძოდ, სვანური ხაჭაპური მე-12 ადგილზეა, ხოლო აჭარული ხაჭაპური მე-20 ადგილს იკავებს. ეს ყველაზე მაღალრეიტინგული კერძების სიაა, ხოლო რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ კერძებს, აქ ქართული კერძებიდან მხოლოდ აჭარულ ხაჭაპურს ვხვდებით, რომელიც მე-5 ადგილზეა.
TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აფასებენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ამასთანავე, ვებგვერდი დაახლოებით 10000 კერძის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყნებსა და რესტორნებში შეიძლება მათი დაგემოვნება. ვებგვერდზე ასევე ცნობილი ტრადიციული კერძების რეცეპტებსაც ნახავთ, რაც თქვენთვის გამორჩეულად გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ.