ვინ მიიღებს მთავრობისგან 300 ლარის სუბსიდიას

2022-04-18 12:49:06

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა.

"სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით.

სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ", - განაცხადა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ დახმარებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს საქართველოში. "პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 95 მილიონ ლარს და ვფიქრობ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 20 მილიონი ლარის სესხებია გაცემული.