დადგინდა, რომ ცხედრები ბუჩაში მარტის შუა რიცხვებიდან იყო

2022-04-05 11:32:22

The New York Times-ის ცნობით, ბუჩას ქუჩების სატელიტური გამოსახულებების შესწავლით დადგინდა, რომ ცხედრები ქალაქის ქუჩებში მარტის შუა რიცხვებიდან, რუსეთის მიერ ქალაქის ოკუპაციის პერიოდში უკვე იყო.

რუსეთის მტკიცებით, ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა სამხედროებმა ქალაქი დატოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ეს იყო "ფეიკური თავდასხმა".

"ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო ფეიკური თავდასხმა... იქ რამდენიმე დღეში დაიდგა ინსცენირება, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოცოალურ ქსელში ავრცელებენ", - თქვა ლავროვმა.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.

კიევის ოლქში ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.