2022 წლის მარტში, შაქარზე და სხვა ტკბილეულზე, ხილზე, ყავაზე, ჩაიზე და კაკაოზე, ზეთზე, პურზე და პურპროდუქტებზე, რძის პროდუქტებზე, ხორცზე და მინერალურ წყალზე, ასევე უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ასევე იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფში.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 8.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა.
"ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.