ჩინეთის ქუჩები ისევ დაცარიელდა

2022-03-19 11:23:06

როდესაც აშშ-ში და სხვა ევროპულ ქვეყნებში ხალხი სახეებიდან პირბადეებს იშორებს, მთავრობები კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებენ და საზოგადოება საზაფხულო არდადეგებს გეგმავს, ჩინეთში ათობით მილიონი ადამიანი მკაცრი ჩაკეტვის რეჟიმს უბრუნდება - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
COVID-19 შემთხვევების მზარდმა რიცხვმა, რომელიც ჩინეთში Omicron ვარიანტმა გამოიწვია, მთავრობას ახალი შეზღუდვების მიღება აიძულა, რაც გამოიხატება ქვეყნის სწრაფ ჩაკეტვაში და სამოგზაურო შეზღუდვებში.
ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების ყოველკვირეული საშუალო რაოდენობა 1600-ზე მეტია - ყველაზე მაღალი 2020 წლის თებერვლის შემდეგ. ვირუსის გავრცელების ტემპი კი ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაშია, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ესაზღვრება.

შანხაიში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სკოლები და რესტორნები დაკეტილია. ჩინეთში ვარაუდობენ, რომ მომავალ ორ კვირაში გამოჩნდება, არის თუ არა ეფექტური მიღებული შეზღუდვები ვირუსის წინააღმდეგ.