"136 ღონისძიება და სპექტაკლი გაიმართება"

2022-02-02 14:27:36

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი 55-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს.

თეატრის ცისფერ დარბაზში საიუბილეო წელთან დაკავშირებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.
ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, ყოფითი პრობლემების მიუხედავად, საჭიროა კულტურული მიმართულებების გამოცოცხლებაც.

"ქალაქში სხვადასხვა ყოფითი პრობლემების მიუხედავად, რომელზეც ვმუშაობთ და ეტაპობრივად გამოვასწორებთ, აუცილებელია კულტურული მიმართულების გამოცოცხლება და პანდემიურმა წლებმა დაგვაშორა თეატრს, რომელიც რუსთავში ძალიან დიდ ისტორიას ატარებს. მიხარია, რომ განსაკუთრებული წელი გვექნება. ერთი რომ არის საიუბილეო წელი, მთელი წელი იქნება დატვირთული, გაიმართება პრემიერები, ვუმასპინძლებთ სხვა დასებს",- განაცხადა ლაცაბიძემ.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, სოსო ნემსაძის თქმით, წელს დაგეგმილია 136 ღონისძიების გამართვა. სეზონის პირველი პრემიერა კი მიუზიკლი "კუკარაჩა" იქნება.

"დაახლოებით 136 ღონისძიება და სპექტაკლი გაიმართება. ექვსი პრემიერა და ასევე მოწვეულები იქნებიან ჩვენს თეატრში ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სცენაზე იდგენენ. ასევე დამაარსებლები, ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც პირველი სპექტაკლი ითამაშეს რუსთავში და მათთან გვექნება შემოქმედებითი შეხვედრები. ვფიქრობ, რუსთავის საზოგადოებისთვის ყველაზე თეატრალური წელი იქნება",- განაცხადა ნემსაძემ.

მისივე თქმით, ზაფხულში თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალსაც უმასპინძლებს.

სეზონის დასასრულს რუსთავის თეატრს თეატრალური კვირეულის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან. 30 ნოემბერს, რომელიც თეატრის დაარსების თარიღია, კოსტიუმირებულ გალა ღონისძიება გაიმართება.