"არცერთი რეალური დაპირება ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ არ ჰქონდა. ეს იყო დემაგოგიაზე და პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებული საარჩევნო კამპანია. მათ აქვთ საკრებულო ასპარეზად, შეუძლიათ ეს პლატფორმა გამოიყენონ და უნდა გამოიყენონ, იმიტომ რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა მისცა ხმა. თუ მათ ამის სურვილი ექნებათ პროგრამების სახით უნდა გაიწეროს. ამას მუშაობა უნდა, ისე არა რომ ერთხელ შეიკრიბონ და მერე რამდენიმე თვე ველოდოთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უნდა დავაყენოთ ქალაქის ინტერესები პოლიტიკურზე მაღლა",- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, დაუჭერს თუ არა მხარს ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას.
ლაცაბიძე ასევე აცხადებს, რომ თუკი მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი პროგრამების მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება, მაშინ ეს რუსთავისა და რუსთაველების ღალატი იქნება.
რუსთავის მერის საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ალექსანდრე ბერიძე აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ ყველა პროექტს, სადაც გათვალისწინებული იქნება საღი, ოპოზიციური აზრი და მოსახლეობის ინტერესები.
"ძალიან არასწორ განცხადებებს აკეთებენ. მხარდაჭერა გამოეცხადება ყველა იმ პროექტს, რომელიც არის საჭირო, აუცილებელია და რუსთაველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. წინას მსგავსად, როდესაც ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ასეთი საკრებულო არ იქნება. მოსახლეობას უნდოდა, რომ საკრებულო ყოფილიყო ოპოზიციური. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს, სადაც გათვალისწინებული იქნება საღი და ოპოზიციური აზრი, მოსახლეობის ინტერესები ყველა პროექტს ექნება მხარდაჭერა. ბიუჯეტის მიღების დროს ვუთხარით მოსახლეობას, რომ ნაჩქარევად მიიღო წინა საკრებულომ ბიუჯეტი ეს არ იყო ქალაქზე მორგებული და ამაში დარწმუნდებოდნენ, როცა საკრებულო დაიწყებდა მუშაობას. მინიმუმ 100 ცვლილება მაინც ექნებათ თვითონ ამ ბიუჯეტში. დალოდებოდნენ ოპოზიციას, ერთად ვიმსჯელებდით და მივიღებდით გადაწყვეტილებას ბიუჯეტთან დაკავშირებით და მის განკარგვაზეც ავიღებდით პასუხისმგებლობას.
ამ განცხადებებით თავიანთ შეცდომას ასწორებენ და უნდათ, რომ ოპოზიციას გადააბრალონ პროექტების ცვლილებები",- განაცხადა ბერიძემ.