ყაზახეთის მთავრობა გადადგა

2022-01-05 13:22:53

ყაზახეთში მთავრობა გადადგა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა, გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

"მთავრობისა და სამხედრო ოფისებზე თავდასხმის მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა", - აღნიშნა თოყაევმა რამდენიმე საათით ადრე ვიდეომიმართვაში.

ამასთან, დემონსტრანტების მერის ოფისში შეჭრის თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.