ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული პატარებისთვისაა.
მთავარი, რაც მათთვის დღესასწაულს ჯადოსნურს ხდის, თოვლის ბაბუის არსებობა და მის მიერ მოტანილი საჩუქრებია.
საჩუქრები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ელოდებიან ბავშვები და აქვთ იმედი, რომ სანტა მათ სურვილებს აუცილებლად აასრულებს.
სწორედ ამიტომ, საახალწლო დღეებში ძალიან პოპულარული ხდება სერვისი "სანტა გამოძახებით".
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რა დაუჯდებათ წელს მშობლებს ამ სერვისით სარგებლობა.
რუსთავში სანტა კლაუსის გამოძახება წინა წელთან შედარებით 10 ლარით გაძვირდა და 60-დან 80 ლარამდე მერყეობს.
ღამის 11:00 საათამდე 60 ლარი, 11:00-დან 01:00 საათამდე კი 80 ლარი ღირს, გამონაკლისია მხოლოდ ღამის 12 საათი, როცა სანტას გამოძახება 150 ლარი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ზეიმებს, სერვისით მომსახურების ღირებულება 70 ლარია.
პროგრამა არის 20-30 წუთიანი და თუ მომხმარებელს დამატებითი დროის დათმობა სურს, ფასიც შესაბამისად გაიზრდება.
ინტერნეტში შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზებების ნახვაც. ფასები 50 ლარიდან იწყება და, როგორც წესი, 250 ლარამდე ადის. ფასს ძირითადად ოჯახში სტუმრობის დრო განსაზღვრავს.
საახალწლოდ ამ ბიზნესში ბავშვთა გასართობ ცენტრებთან ერთად კერძო პირებიც ერთვებიან.