კოვიდ ტესტირების პუნქტი საიუველირო მაღაზიაში

2021-11-18 15:12:03

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოვლინდა.

"სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო პერიოდულად ახდენს კოვიდ ტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სააგენტოს მიერ, გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს.

მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც", - ნათქვამია განცხადებაში.