რუსთაველი პარლამენტარი ფინანსთა მინისტრს

2021-11-17 13:14:21

"ვფიქრობ, საგადასახადო შეღავათების გაუქმებით მიღებული ფული უფრო მიზნობრივ ჯგუფებზე გადანაწილდეს, ახლა შეღავათი ეხება მდიდარსაც და ღარიბსაც", - ასე მიმართა რუსთაველმა დეპუტატმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელმაც პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა.

როგორც დალაქიშვილა აღნიშნა, საგადასახადო შეღავათების გაუქმებით აკუმულირებული თანხების მიზნობრივად გამოყენებაა შესაძლებელი.

"ჩვენ ადრე ვსაუბრობდით საგადასახადო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შეღავათების გაუქმებით მიღებული ფული უფრო მიზნობრივ ჯგუფებზე გადანაწილდეს, ახლა შეღავათი ეხება მდიდარსაც და ღარიბსაც. პირობითად, ავიღოთ წამალზე დღგ-ს შეღავათი, შესაძლებელია, წამლის ფასი გაძვირდეს, მაგრამ იქიდან მიღებული შემოსავალი უფრო სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე გადავანაწილოთ და მოსახლეობაზე მოხდეს სუბსიდირება. საინტერესოა, თქვენი ხედვა და ზოგადად პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა დალაქიშვილმა.

როგორც კითხვის საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

"რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა ამ ნაწილში, რომ მოხდეს შეფასება კონკრეტული შეღავათის და ეფექტურობის. ჩვენ ვმუშაობთ იუესაიდთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ვფიქრობ, გვექნება დოკუმენტის ჩარჩო, სადაც მოხდება აღნიშნული შეღავათების შეფასება და რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ შეკითხვაში არსებულ მოსაზღებას, რომ შეღავათები უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული და მიზნორბივი. არ შეიძლება შეღავათით სარგებლობდეს ყველა ის პირი, რომელიც ამ შეღავათს არ საჭიროებს სახელმწიფოსგან", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.