სად და როგორ უნდა აიღოთ "მწვანე პასპორტი"

2021-11-16 12:41:28

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდება.

მოქალაქეები მხოლოდ Covid-ბარათით შეძლებენ შესვლას დაწესებულებების ნაწილში. კერძოდ, კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე პასპორტებს მხოლოდ ობიექტების სტუმრებს მოსთხოვენ, დასაქმებულ პერსონალს - არა.

საქართველოში მწვანე პასპორტი ნიშნავს ორჯერად ვაქცინაციას, 72-საათიან PCR ტესტს, 24-საათიან ანტიგენ ტესტს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ იქნება კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

Covid-ბარათებს მატერიალური სახით, ხელმოწერით და ბეჭდით იუსტიციის სახლებში მიიღებთ, ასევე, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში, რომელიც ტესტირებას ან/და აცრას აკეთებს. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობა გჭირდებათ. Covid-ბარათში ასახულია როგორც ვაქცინაციის გაკეთების დრო და ადგილი, ასევე, ვირუსის გადატანის და ჩატარებული Covid-ტესტირების შესახებ ინფორმაცია.

გარდა ამისა, მოქალაქეებს ვებგვერდიდან - Covidpass.moh.gov.ge პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ შეუძლიათ შტრიხკოდის სახით საკუთარი Covid-სტატუსის ჩამოწერა. რამდენიმე დღეში ჩაეშვება სპეციალური აპლიკაცია, ის ახლა ტესტირების რეჟიმშია.  

მობილურ აპლიკაციაში განთავსდება კერძო პირის მწვანე სტატუსი, რაც მოიცავს:

ვაქცინაციის სტატუსს;

PCR ტესტების ჩატარების ისტორიას;

ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას;

SARS-CoV-2-ით ინფიცირების ისტორიას;

NCDC-ს ცნობითვე, მიმდინარეობს ევროკავშირის ბაზებთან სინქრონიზაციის;

პროცესიც და უახლოეს მომავალში გახდება დამატებითი ინფორმაცია ცნობილი.