რუსთავის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა და ახლად არჩეულმა 6-მა წევრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ნანა შატბერაშვილმა, ვაჟა მორგოშიამ, ჯუბა მგელაძემ, გურამ ლაცაბიძემ და ზურა ბერაძემ შიმშილობა დაიწყო.
მოშიმშილეთა განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
"46-ე დღეა, რაც ჩვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი შიმშილობს. მას არ ეძლევა საშუალება მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. აქედან გამომდინარე ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და ვუერთდებით უკიდურესი პროტესტის იმ ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. შიმშილობას ვიწყებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს 6 წევრი და შესაბამისად პროტესტის ამ ფორმას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ კლინიკაში",- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.
შატბერაშვილის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას რუსთავის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში დაიწყებენ.