ვინ ითამაშებს რუსთავის საკალათბურთო კლუბში

2017-08-22 13:04:02

რუსთავის საკალათბურთო გუნდში ცვლილებებია. კლუბს ახალი კაპიტანი და ლეგიონერები ეყოლება. ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სპორტსმენი რუსთაველ კალათბურთელებს სექტებრის თვეში შეუერთდებიან. კერძოდ, ახალ სეზონზე საკალათბურთო გუნდ "რუსთავში" 25 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ადამ ბლეიზეკი, მძიმე ფორვარდი-ცენტრი 27 წლის პოლ კუპერი და ბრიტანელი ფორვარდი 27 წლის ჯეკ კრუკი ითამაშებენ.
თითოეული ლეგიონერის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 1200-დან 2000 აშშ დოლარამდე განისაზღვრება, რისთვისაც კლუბის ბიუჯეტიდან, რომელსაც თვითმმართველობა აფინანსებს, სეზონის განმავლობაში დაახლოებით 80-100 000 ლარი გამოიყოფა.

კიდევ ერთი სიახლე კლუბში, ის არის, რომ გუნდში კალათბურთელი გოგა ცეკვავა კაპიტნის პოზიციაზე დაბრუნდება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ითამაშებდნენ თუ არა სხვა რუსთაველი კალათბურთელები რუსთავის გუნდში, მათ შორის მიხეილ ჭოჭუა და ანატოლი ბოისა, რომელმაც ქუთაისის საკალათბურთო გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

როგორც ანატოლი ბოისამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მას რუსთავის კლუბიდან შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ასეთის შემთხევაში, წინადადებას აუცილებლად განიხილავს, ამასთანავე სურვილს გამოთქვამს, რომ თავისი საკალათბურთო კარიერა იმ კლუბში დაასრულოს, რომლიდანაც დაიწყო.

რაც შეეხება მიხეილ ჭოჭუას, ის უკვე სხვა საკალათურთო კლუბს შეუერთდა.

რუსთაველი კალათბურთელების დამატებასთან დაკავშირებით კითხვით მივმართეთ რუსთავის გუნდის მწვრთნელს, რამაზ გოგობერშვლს. მისი ინფორმაციით, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, შესაბამისად, ანატოლი ბოისას ან სხვა კალათბურთელების მიღება ვეღარ მოხერხდება.