რა გააკეთა გოჩა ჯამარაულმა გარდაბნისთვის

2017-08-18 23:31:00

გოჩა ჯამარაული გარდაბნის გამგებლად 2016 წლის იანვარში აირჩიეს. აღსანიშნავია რომ ბოლო 4 წელში გარდაბანმა 4 გამგებელი გამოიცვალა, შესაბამისად არსებული პროექტების დაწყება და ბოლომდე მიყვანა ვერ ხერხდებოდა. გარდაბნელები ბოლო პერიოდში "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში ხშირად აღნიშნავდნენ რომ გოჩა ჯამარაულის გამგებლად მუშაობის პერიოდში ქალაქში და სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა, კონკრეტულად კი ასახელებენ: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, გარე განათების რეაბილიტაციას, სადარბაზოებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანას, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას, სკვერების, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობას. ეს ყველაფერი ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და შესაბამისად გასაკვირიც არაფერია, თუმცა მათი თქმით აქამდე ასეთი მასშტაბური პროექტები არ განხორციელებულა. თავად გარდაბნელების გაოცებას ის ფაქტი იწვევს რომ, გამგებელმა სამსახურეობრივი სარგო ხელფასის და პრემია-დანამატის სახით მთლიანად (18 თვის სარგო 55 057 ლარი) საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა საიდანაც თანხები სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად ან სხვადსავა აუცილებელი და გადაუდებელი საქმეებისთვის იხარჯებოდა. სოფლებიდან კონკრეტული ადამიანები ხშირად ამბობენ რომ მათ გამგებელი საკუთარი ფინანსებით დაეხმარა და სთხოვა რომ ამბის გახმაურება არ მომხდარიყო. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა კონკრეტულად ვის და რამდენით დაეხმარა მოქმედი გამგებელი, 74 თინათინ ზამთრეულის სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები,  67 წლის მედიკო აბდელანს, 500 ლარით დაეხმარა ქალბატონ მედიკო 12 შვილის დედა და ის სოფელ ლემშვენიერაში ცხოვრობს, სოფელ მარტყოფის მკვიდრ 61 წლის მარიამ კანდელაკს 400 ლარით დაეხმარა, 56 წლის ლია დოლიშვილს 500 ლარით, ოპერაციის  ხარჯების ნაწილობრივ დასაფარად დაეხმარა, ქალაქ გარდაბნის მკვიდრს, 57 წლის თამილა მამედოვას ოპერაციის ხარჯების დასაფარად 500 ლარი გადაურიცხა, ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ 76 წლის მაურა შუბითიძეს მედიკამენტების შესაძენად 200 ლარით დაეხმარა, 18 წლის სტუდენტს ნინო შუკვანს, გამგებელი 500 ლარით სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარა, სოფელ საცხენისის მკვიდრს, 90 წლის შალვა მამუკაშვილს პლაზმური ტელევიზორი შეუძინა, მსახიობ ლეო ანთაძეს 1000 ლარი უსახსოვრა და მომავალშიც მხარდაჭერას დაჰპირდა. ეს ის ფიზიკური პირები არიან რომელთა შესახებაც ამ მომენტისთვის შევძელით ინფორმაციის მოძიება.

ასევე აღსანიშნავია რომ საკუთარი ფონდიდან გოჩა ჯამარაულმა 200 წლოვანი ზეთისხილის ხე შეიძინა, რომელიც გარდაბნის შესასვლელში 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. გარდა ამისა ფონდში არსებული 22 000 ლარით დააფინანსა ღვთაების მამათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მონასტერს საძირკველთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და დაფინანსების შემდეგ გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

გოჩა ჯამარაულის ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციები მედიაში ხშირად გავრცელებულა, თუმცა ჩვენ შევეცადეთ კიდევ უფრო მეტი დეტალი მოგვეძიებინა, სია სრული არ არის მაგრამ ალბათ მიხვდებით რატომ სურთ გარდაბნელებს მოქმედი გამგებლის იგივე პოზიციაზე დატოვება, ეს მისი ქველმოქმედება და მცირე პერიოდში გაკეთებული საქმეებია. შეგახსენებთ რომ გოჩა ჯამარაულის მხარდამჭერი აქცია გუშინ გარდაბნის ცენტრში გაიმართა, სწორედ მას მერე დავინტერესდით დეტალურად მოქმედი გამგებლის საქმიანობით.