"ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი, მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა, სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია",- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ წერილში.
წერილით საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირებებია და სააკაშვილის დაპატიმრება ნიკა მელიას გაუხარდა.
სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი ჟურნალისტებსა და საზოგადოებას ეკა ხერხეულიძემ გააცნო, რომელმაც ექსპრეზიდენტი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად შიმშილობისა, მხნედ გამოიყურება.
"ანატომია ამ ამბის ყოფილა ასეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, შვიდად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება",- ამბობს ხერხეულიძე.
სააკაშვილის სანახავად საპატიმროში უნდა შესულიყო მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც, თუმცა, როგორც ციხის ადმინისტრაციაში განუმარტეს, მისს ნებართვის საშვს ვადა გაუვიდა და ახალი განცხადების დაწერაა საჭირო.