განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს რამდენიმე განცხადება გააკეთა. მინისტრმა სკოლების საპირფარეშოების საკითხზე ისაუბრა. „ეს თემა არასდროს დამთავრდება, სანამ ყველა დირექტორი არ მიეჩვევა, რომ ეს არის პირველი პრიორიტეტი“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით, ბევრმა დირექტორმა აღნიშნული საკითხი საკმაოდ სერიოზულად მიიღო და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განახორციელა, თუმცა ეს ცვლილებები საჭირო სტანდარტებისგან მაინც შორსაა. “მეკითხებიან, თუ გავათავისუფლებ დირექტორებს თანამდებობიდან ამ მიზეზით. დიახ, გავათავისუფლებ. რამდენიც გადაწყვეტს, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე შეიძლება ენერგიის ან რესურსების ეკონომია, იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება.“- აღნიშნა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ გასვლითი გაკვეთილების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „თუ მასწავლებლები გააკეთებენ შინაარსიან, კარგად დაგეგმილ გასვლით გაკვეთილებს, ჩვენ ამაში დამატებით ანაზღაურებას გადავუხდით“. მან გამოთქვა სურვილი, რომ მომავალ წელს ბანაკში დამსვენებელი მოსწავლეების რიცხვი გაორმაგდეს. წელს კი ბანაკებში 11000 მოსწავლე დაისვენებს. ბანაკებში წაყვანისას უპირატესობა სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ექნებათ.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ახალი ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, სექტემბრიდან ბავშვებს კვირაში ერთხელ სკოლაში თითო ვაშლი დაურიგდებათ. მისივე განცხადებით, საუბარია 40000-დან 60000-მდე ბავშვზე. დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს. მინისტრის ინიციატივით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება. საუბარია, ძირითადად, შაქარისა და მარილის მაღალი შემცველობის მქონდე პროდუქტებზე. „ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები, ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. მებუფეტეების ტრენინგები, მათთან თანამშრომლობა, სოფლის მეურნეობასთან, ჯანდაცვასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტემბრიდან როდესაც ბავშვები სკოლაში მივლენ, ბუფეტი ეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდში ჩვენი ბუფეტი სულ უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან შრომის გაკვეთილები სკოლებში საპილოტე რეჟიმში დაბრუნდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი მინისტრის სურვილია, რომ შრომის გაკვეთილები ყველა სკოლაში ჩატარდეს.
ამასთან, ჯეჯელავამ სკოლებში ბოსტნების მოწყობის შესახებაც უპასუხა კითხვას. მისი თქმით:
“მებოსტნეობა ან მევენახეობა ცარიელი ადგილიდან თეორიულად ვერაფრით ვერ გაკეთდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ სად, რომელ სკოლაში რა არის და იმ სკოლაში ხელი შევუწყოთ მიმართულების განვითარებას. ჯერჯერობით ბოსტნების მოწყობის გეგმა არ გვაქვს”