შრომის ინსპექციამ 18 ობიექტი დალუქა

2020-08-22 17:15:48

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ერთ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო 18 ობიექტი დაილუქა.

მათ შორის არის „სანსეტ ბათუმი“, სადაც, ინესპექციის ცნობით, 21 აგვისტოს ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.

შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.