შესაძლოა სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავს დაწესებულებებში პირთა დაშვება მხოლოდ ერთჯერადი აცრით ან ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე მოხდეს.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაშვებული იყოს დახურულ ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს.
ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა 24- საათიანი და 72- საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.