"ქართულმა ოცნებამ" მერობისა და საკრებულოს კანდიდატები დღეს მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში წარადგინა. მარნეულში მერობისთვის კენან ომაროვი, ბოლნისში დავით შერაზადიშვილი, ხოლო დმანისში კობა მურადაშვილი იბრძოლებენ.
"მერობის კანდიდატი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდობის ჩართულობით უფრო მეტი შედეგი შეიძლება დაიდოს, ის ამ მიმართულებით გაცილებით მეტს იმუშავებს და მეტ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს ახალგაზრდა თაობას მარნეულში. დარწმუნებული ვარ, შედეგები თავისას იტყვის - მალე ვნახავთ იმ წარმატებას, რომელიც ექნება ჩვენს კანდიდატს და მჯერა, პირველივე ტურში შევძლებთ დამაჯერებელ გამარჯვებას, გავაგრძელებთ იმ განვითარებას, რომელიც წლების წინ დავიწყეთ და დავდებთ იმაზე დიდ შედეგებს, რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ. კიდევ ერთხელ, მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, მინდა წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების“ გუნდს", - კახა კუჭავა.
"კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის მაგალითად მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება - პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა-ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება, იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე", - ირაკლი ღარიბაშვილი.