ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პედაგოგებისთვის აცრის ვალდებულების თაობაზე დასმულ კითხვას.
დღეს, 10 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ტიკარაძეს ჰკითხეს, თუ იზიარებს პოზიციას, რომ პედაგოგებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის აცრა სავალდებულო იყოს.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა არ გამორიცხა სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვა, თუმცა კონკრეტიკისგან მაინც თავი შეიკავა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:
„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაციის გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ტიკარაძემ.