GEM Fest-იდან საავადმყოფოში კიდევ 6 ახალგაზრდა გადაიყვანეს

2017-08-05 11:09:50

GEM Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გამთენიისას გადაყვანილი ექვსი პაციენტიდან ორი უკვე გაწერეს, ხოლო დანარჩენი ოთხი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება. როგორც საზოგადოებრივს კლინიკის კრიტიკული მედიცინის ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, ოთხივე მათგანი მართვით სუნთქვაზეა. წინასწარი ინფორმაციით, GEM Fest-იდან რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდების გადაყვანის მიზეზი უცხო ნივთიერებით ინტოქსიკაცია გახდა, თუმცა ორჟონია ამბობს, რომ ზუსტი მიზეზის დასადგენად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ის ახალგაზრდები, რომლებიც კლინიკიდან გაწერეს, ამ წუთებში, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. რაც შეეხება GEM Fest-იდან კლინიკაში გუშინ გადაყვანილ 29 წლის მამაკაცს, ის მართვით სუნთქვაზე აღარ არის და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

GEM Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი 4 აგვისტოს გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია გახდა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი