"მინდა ბებია და დეიდა ემიგრაციიდან ჩამოვიყვანო"

2021-07-29 18:07:13

"მინდა ბებია და დეიდა ემიგრაციიდან ჩამოვიყვანო",- განაცხადა ძიუდოისტმა და ტოკიოს 2020 წლის 90 კგ კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა,  ლაშა ბექაური კითხვის საპასუხოდ, თუ რაში აპირებს მთავრობის მიერ ოქროსმედალოსანისთვის დაწესებული 1 000 000 ლარის დახარჯვას.

ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას ბექაური იხსენებს, რომ მოგების შემდეგ პირველი მამას დაურეკა

ჩემი ოცნება იყო [ოლიმპიადაზე გამარჯვება] და შოკში ვართ ჯერ ისევ, ვერ ვიჯერებ ბოლომდე...

პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია“, – აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ბექაური ასევე ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი და ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონია.