საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შვედეთის სამეფოს მოქალაქის დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ა.ჩ.-მ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააფუძნა არარეზიდენტი საწარმო, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიში გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედ საბანკო დაწესებულებაში.
„ა.ჩ.-მ, ზ.დ.-მ და თ.წ.-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მეშვეობით სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს შვედეთის სამეფოს მოქალაქესთან, რომელსაც წარსულში დაკარგული აქციების დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების აღმოჩენის პროცესში, ჯამში 73 000 ევრო (226 947.5 ლარი) მოტყუებით გადაარიცხინეს ჩეხეთში, ა.ჩ.-ს მიერ დაფუძნებული არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშზე, რასაც ა.ჩ., ზ.დ. და თ.წ.
მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა დაანაწევრეს და არარეზიდენტი საწარმოს საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხეს საქართველოში, ა.ჩ.-ს, თ.წ.-ს და მათთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.