რუსთავის საკრებულოს წევრმა, ზვიად დოლიძემ საკრებულო და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი გამოეხმაურა და განმარტა, რომ სანამ დოლიძე წასვლის შესახებ განაცხადებს გააკეთებდა, მანამდე ფრაქციის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დოლიძის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ.
მიზეზად ონიანმა ზვიად დოლიძის პოლიტიკური შეხედულებები დაასახელა.
"ზვიადი არ იზიარებდა ქართული ოცნების შეხედულებებს, ის არ იყო აქტიური, არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს. ფრაქცის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ზვიად დოლიძე აღარ ყოფილიყო ფრაქცია ქართული ოცნების წევრი",-განაცხადა ლევან ონიანმა.
დოლიძემ დამატებითი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავა და ინფო რუსთავის კითხვებს არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც წასვლის მიზეზები განმარტა.
"2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო"- ს თავმჯდომარის მოადგილე... მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებიბის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებაში რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს...
მადლობა ჩემი ოლქის ყველა მაცხოვრებელს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის ! ! !
მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მაცხოვრებელთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი...
გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის",- დაწერა დოლიძე სოც.ქსელში.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ზვიად დოლიძე გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.