რუსთავში, შარტავას გამზირზე მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთერთ ავტომობილში, ჩვილი ცუდად გახდა, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
ადგილზე ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ჩვილის მამა, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილობრივების თქმით, იყო აღგზნებულ მდგომარეობაში და ხმამაღლა ყვიროდა "შვილს მიკლავენ". მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვილი დილით ექიმთან ჰყავდათ, ბავშვი კი საღამოს ისევ ცუდად გახდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მამა იყო გაბრაზებული და ექიმის მიმართ უკმაყოფილებას ხმამაღლა და უცენზუროდ გამოხატავდა. პოლიცია ეცადა, გასაუბრებოდა მამაკაცს, თუმცა მათ შორის დიალოგი კამათში გადაიზარდა და შელაპარაკება მამაკაცის დაკავებით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
"ინფო რუსთავი" გაესაუბრა სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო და ჩვილს უბრალოდ დაბალი სიცხე ჰქონდა.