გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის რამდნიმე სკოლაში მოსწავლეებს ჩაცმასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეებს სკოლაში მისვლა ჯინსებით, გალაქული ფრჩხილებით და გაშლილი თმებით ეკრძალებათ. სკოლების ზოგადი შინაგანა წესის მიხედვით, „მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.” მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სკოლაში ფორმები არ არის, დირექცია მოსწავლეებს თეთრი ზედატანისა და შავი ქვედაბოლოს ან შარვლის ჩაცმასაც სთხოვს. რამდენიმე სკოლაში კი გარკვეული შეზღუდვები მასწავლებლებისთვისაც არსებობს. მაგალითად, რუსთავის №6 საჯარო სკოლის შინაგანა წესში ვკითხულობთ: „კაბა, რომელსაც ქალი დასაქმებული ატარებს, არ უნდა იყოს ღრმად ჩაჭრილი და არ უნდა სცდებოდეს მის მუხლებს. ქალი დასაქმებულისთვის დაუშვებელია ღრმად ჩაჭრილი ზედატანის ტარება.” რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ყველა სკოლას აქვს შინაგანა წესი და უმეტესობა მათგანს ჩაწერილი აქვს ჩაცმასთან დაკავშირებული რეგულაციები, გარდა ამისა მოსწავლის ქცევის კოდექსი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, თუმცა სკოლებსაც შეუძლიათ შინაგანა წესში ჩაცმასთან დაკავშირებული დამატებითი წესების შეტანა. ჩვენ ფსიქოლოგ ქეთევან ჭყოიძეს დავუკავშირდით, მისი თქმით ჩაცმასთან დაკავშირებული გრაკვეული წესები სკოლაში უნდა არსებობდეს, თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება ეს აკრძალვა მიტანილი მოსწავლეებამდე, „უნდა მივაწოდოთ ეს აკრძალვა ისე, რომ თვითონ მოსწავლე დაგვთანხმდეს ამაზე და არ უნდა იყოს რადიკალური მიწოდება, რომ ”ეს ასეა!“ და „არ უნდა ჩაიცვა ასე!“ ,ისე უნდა მივაწოდოთ აკრძალვა, რომ მოსწავლე აღფრთოვანებული იყოს, რომ მის სკოლაში ასეთი წესია“. აქვე გთავაზობთ მოსწავლის ქცევის კოდექსის მიხედვით სკოლაში აკრძალულ ნივთებს, ესენია : თამბაქოს ნაწარმი, ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები, სანთებელა და ასანთი, ალკოჰოლური საშუალებები, ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული, აზარტული თამაშის საშუალებები, უხამსობის ამსახველი ნივთები, ნარკოტიკული საშუალებები, ასაფეთქებელი საშუალებები, ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები, ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ნივთებს მანდატურები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოწმებენ, თუ ამის ეჭვი არსებობს. მობილურების სკოლაში გამოყენების წესებს კი სკოლის დირექცია ადგენს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასაფეთქებლების სასწავლო დაწესებულებაში შეტანაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.