ხუთშაბათიდან, 1-ელი ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
რუსთავის საგამოცდო ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად მზადაა.
როგორც სკოლის დირექტორმა ეკა ცხვედაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ოთხშაბათს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გენერალური რეპეტიცია ჩატარდება.
"მოსამზადებელი სამუშაოები სრულად დასრულებულია, შენობა მზად არის იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა უხარვეზოდ ჩაიაროს", - აცახდებს ეკა ცხვედაძე.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში შარშანდელისგან არსებითად განსხვავებული კოვიდწესები არ იმოქმედებს.
ერთი საგამოცდო ოთახი 10 აბიტურიენტზეა გათვლილი, მათ მაგიდებს შორის მანძილი კი, სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით, 2 მეტრი იქნება.
აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით შესვლა ევალებათ, თუმცა მათ პირბადის მოხსნა საგამოცდო სივრცეში შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ნაჭრის ან რაიმე სხვა ქსოვილის პირბადე საგამოცდო ცენტრში დაშვებული არ არის და თუ აბიტურიენტს თან სამედიცინო პირბადე არ ექნება, საგამოცდო ცენტრი თავად მოამარაგებს მას.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ გრადუსზე ექნება მეთვალყურეს საგამოცდო ოთახში გაგრილების სისტემის ჩართვის უფლება, თუმცა ზვიად მურადაშვილის თქმით, შერჩეული იქნება გარკვეული ნიშნული.
რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, გაივლიან დეზობარიერს, სავალდებულოა დისტანციის დაცვა, როგორც ეზოში, ასევე კორიდორებში. რაც შეეხება ბარიერებს მაგიდებს შორის - საგამოცდო ცენტრებში ყველა მაგიდის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.