კომენდანტის საათი დასახელებულზე ადრე მოიხსნება

2021-06-23 13:06:49

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1-ელ ივლისამდე ერთი საათით ადრე მოიხსნება და 30 ივნისის 23 საათიდან აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

"რეგულაციების გარკვეული ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით იცვლება, თანმიმდევრულად რომ მივყვეთ - პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23 საათიდან 4 საათამდე. ანუ პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ: 30 ივნისს საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ანუ შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში 00:00 საათიდან 4 საათამდე, ხოლო 30-ის საღამოს 23 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს", - განაცხადა მან.

თითქმის 8-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, კომენდანტის საათი იხსნება. ამის შესახებ 22 ივნისს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. შემსუბუქდა სხვა შეზღუდვებიც, თუმცა სხვადასხვა პირობითა თუ რეკომენდაციით.